თეა ახვლედიანმა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოს სახალხო დამცველის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით“ და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
თეა ახვლედიანმა ისაუბრა საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განზომილებებზე და განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა შერიგებისა და ჩართულობის მიმართულებაზე, რაც უშუალოდ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განიხილება და კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე მიზნად ისახავს პირობების შექმნას საოკუპაციო ხაზით დროებით დაშორებულ ადამიანებს შორის ისტორიულად დამკვიდრებული, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად.
ასევე, განხილული იქნა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის სავარაუდო გზები. საუბარი შეეხო სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ამოცანებს და ამ კუთხით საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო თანამეგობრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის როლს.
ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები, სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტები და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც მიზნად ისახავს ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგებას და მშვიდობის მშენებლობას, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვას და მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა; დისკუსია ინტერაქციულ და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს და მის აპარატს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობითა და ერთიანი მიდგომით, დაინტერესებულ პარტნიორებთან პრიორიტეტულ საკითხებზე მსგავს ფორმატში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით აგრეთვე გამოვიდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი გიორგი საბედაშვილი და USAID/კავკასიის, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი კორინ როთბლუმი. ამასთან, სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.