თეა ახვლედიანი, აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს

27 ოქტომბერი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრები აფხაზური საზოგადოების იმ წარმომადგენლებს, ვისთვისაც აფხაზური მშობლიური ენა და იდენტობის სიმბოლოა.
 
აფხაზური ენა, როგორც საქართველოს ერთიანი ენობრივი საგანძურის განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი ღირებულება, დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, რაც ამ ენას განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს. აფხაზური ენა, ისევე როგორც აფხაზური თვითმყოფადობა და ტრადიციები, როგორც ჩვენი საერთო წარსულისა და მრავალფეროვანი კულტურის ორგანული ნაწილი და სიმდიდრე, ქართულ-აფხაზურ ისტორიულ ერთიანობას ასახავს.
 
მიმდინარე ოკუპაციის და ინტენსიური რუსიფიკაციის პოლიტიკის შედეგად, დღეს აფხაზური ენა და კულტურული იდენტობა გაქრობის სერიოზული საფრთხის წინაშეა, რაც ქართული და აფხაზური საზოგადოების წევრებისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან ენისა და იდენტობის გაქრობა მხოლოდ გარეშე ძალის არალეგიტიმურ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობა, ერთობლივი და კონსოლიდირებული ძალისხმევა მშვიდობიანი მომავლისკენ.
 
აფხაზური ენის შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოს ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი და უცვლელი პრინციპია, შესაბამისად, აღნიშნული შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.