თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან დაგლას უებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

11 ნოემბერი 2023
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელთან დაგლას უებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
 
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას და მადლიერება გამოხატა UNDP-ის მიერ წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ამ კუთხით, მხარეების მიერ განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მიმდინარე წელს UNDP-სა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რამაც საფუძველი დაუდო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაფართოებას სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.
 
სახელმწიფო მინისტრმა დაგლას უებს გააცნო საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობა, პრიორიტეტები და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ამასთან, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებს, მიზნებსა და ამოცანებს.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს სამოქალაქო თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა და ოკუპირებულ რეგიონებში UNDP-ის საქმიანობა. ამ კუთხით, სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი UNDP-ის როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. თავის მხრივ, დაგლას უებმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.