სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა

11 დეკემბერი 2023
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებს შეხვდა.
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრების გამართვას. სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი გორში იმყოფებოდა და შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებ გაუჩინარებულთა 50-მდე ოჯახის წარმომადგენელს შეხვდა.
 
ოჯახებთან საინფორმაციო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე. აღინიშნა, რომ ეტაპობრივად იზრდება პროგრამის განხორციელების პროცესში საქართველოს ხელისუფლებისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ამასთან, ხაზი გაესვა ICRC-თან შემდგომი ინტენსიური თანამშრომლობის და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობას.
 
შოთა რეხვიაშვილი ასევე დაესწრო გორში უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების სახელზე აღვლენილ პარაკლისს და გაუჩინარებულთა ოჯახების წარმომადგენლებთან ერთან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
 
8 დეკემბერს ქართულ მართლმადიდებელი ეკლესია „ღვთისმშობლის სამი სიხარულის“ ხატის დღეს აღნიშნავს, რომელიც 2014 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კურთხევით, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელზე დაიწერა. წელს პირველად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და ბათუმში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა.