თეა ახვლედიანი: 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით.
მსურს აღვნიშნო. რომ 2023 წელი ნამდვილად უპრეცედენტო და გამორჩეულია, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამის ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული შედეგით. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის უდიდესი მხარდაჭერით, წელს ჩვენ მოვახერხეთ აფხაზეთში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული 60-მდე პირის ნეშტის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება.
გარდა ამისა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, განვაახლეთ ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრები. ამასთან, წარმატებით გრძელდება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია პროგრამაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე.
ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი კომპეტენციებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, 30 აგვისტოს, წელს პირველად, ოჯახებთან ერთად, დედაქალაქის პარალელურად, ერთდროულად 4 რეგიონში მასშტაბურად აღინიშნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით, წითელ ჯვართან ერთად, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე.