თეა ახვლედიანი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა

13 დეკემბერი 2023
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა
 
ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის და სამშვიდობო ინიციატივების თანმიმდევრულ და პრაგმატულ განხორციელებას, ერთიანი სამთავრობო მიდგომის საფუძველზე, იმისთვის, რომ არსებული მძიმე რეალობისა და მიმდინარე გამოწვევების მიუხედავად, მეტ შედეგებს მივაღწიოთ ხელოვნურად გაყოფილი მოსახლეობის ნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე:
 
ამ თვალსაზრისით, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის დიალოგი, სექტორული თანამშრომლობა და კომუნიკაცია არასოდეს შეწყვეტილა, პანდემიის პერიოდშიც კი. უფრო მეტიც, იზრდება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სამშვიდობო ინიციატივებსა და სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილ შესაძლებლობებში ჩართვის ინტერესს და სურვილს გამოთქვამს, რაც ჩვენი საბოლოო მიზნის მიღწევის გზაზე უმთავრესი შედეგია.
ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნდობის აღდგენის ინიციატივებისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებას, რომელთა ფარგლებში, გამყოფი ხაზების ორივე მხრიდან საზოგადოების სხვადასხვა, მათ შორის პროფესიული წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ და არაფორმალურ, ნეიტრალურ გარემოში მსჯელობენ ისეთ დარგობრივ თემებზე, რაც მათ ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებთ და ერთიანი პროდუქტების შექმნის შესაძლებლობას აძლევთ. ერთ-ერთი ამგვარი უნიკალური პროექტის შედეგების პრეზენტაცია, ევროსაბჭოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, წელს გავმართეთ, რომელიც 2015-2023 წლებში ქართველი და აფხაზი არქივის სპეციალისტების მიერ ერთობლივად მომზადებული 5 უნიკალური ისტორიული გამოცემისა და 3 მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის წარმოჩენას მიეძღვნა.