თეა ახვლედიანი: შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

13 დეკემბერი 2023

თეა ახვლედიანი: შერიგების პოლიტიკა ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

პატივცემულო პარლამენტის წევრებო, პირველ რიგში, მოგახსენებთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკაზე, რაც უფრო ფართო - კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც დეოკუპაციის განზომილების პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ხორციელდება იმისათვის, რომ დეოკუპაციის პერიოდისთვის აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი ადამიანთა დონეზე, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ხაზგასასმელია, ადგილზე შექმნილი ის გარემო და განვითარებული პროცესები, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს დღემდე უწევს გამკლავება, და რომელთა პირობებში ვაგრძელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით.

ამ თვალსაზრისით, ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებთან ერთად, ვგულისხმობთ:

იმ უკანონო გადაწყვეტილებებს, რაც საოკუპაციო ძალის მიერ ორივე რეგიონში ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება და შესაბამისად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციას ისახავს მიზნად.

ამავე მიზანს ემსახურება, ადგილზე, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის და შეზღუდვების გამკაცრება, ასევე ორივე რეგიონში უსაფრთხოების და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აკრძალვა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას დღემდე არ ეძლევა საკუთარი მანდატის სრულად აღსრულების შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

ასობით ათას იძულებით გადაადგილებულ პირსა და ლტოლვილს დღემდე შეზღუდული აქვს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.

კვლავ გრძელდება მოსახლეობის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უხეში და სისტემატური დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია, აქტიური რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილების, საკუთრებაზე წვდომის თუ სხვა სოციალური და ეკონომიკური უფლებების შეზღუდვა. ამ კუთხით, ვითარება განსაკუთრებით მძიმე რჩება გალისა და ახალგორის რაიონებში.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფება საოკუპაციო ძალის გავლენისა და წნეხის ქვეშ, რაც მათ შორის გულისხმობს შერიგების პოლიტიკითა და სამშვიდობო ინიციატივებით დანერგილი შესაძლებლობებით სარგებლობის სურვილის მქონე ადამიანების დევნას.

სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ არის მიმართული გააქტიურებული დეზინფორმაციული კამპანიები და ანტიქართული პროპაგანდა.

სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მიზანმიმართული ნაბიჯები და განცხადებები, რაც გამიზნულია უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ და შესაბამისად, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ ადამიანებს შორის შერიგების, ნდობისა და ურთიერთობების აღდგენის წინააღმდეგ.