თეა ახვლედიანი: უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მაქვს პატივი, მინისტრის საათის ფორმატში წარვდგე საქართველოს პარლამენტის წინაშე და მოგახსენოთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2023 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ, როგორც შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებით; წარმოგიდგინოთ გასული წლის მნიშვნელოვანი პროცესები, არსებულ რეალობასა და საჭიროებებზე მორგებული მუშაობის დღის წესრიგი, რომელიც თანმხლები გამოწვევების მიუხედავად, გახლდათ მდგრადი და პოზიტიური დინამიკის მატარებელი, შედეგზე ორიენტირებული და პროდუქტიული.
თითოეული თემატური მიმართულებით მიღწეული შედეგებისა და პროგრესის ძირითადი ტენდენციების თაობაზე მოგახსენებთ სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატით განსაზღვრული საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. გასული წლის განმავლობაში ვახორციელებდით მრავალგანზომილებიანი საქმიანობის კოორდინაციას ყველა დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში: შედეგად, არსებული პოლიტიკური ხედვისა და განსაზღვრული სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად, ინიცირებულ იქნა, დაინერგა და ამოქმედდა სათანადო ინსტრუმენტები და მექანიზმები, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები შედეგზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის საფუძველზე შეფასებულ იქნა მიღწეული პროგრესი, ისევე როგორც დაისახა სამომავლო გეგმები და განსახორციელებელი ქმედებები. აღნიშნული პროცესი იყო ინკლუზიური და მიმდინარეობდა ყველა პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, თემით დაინტერესებული აქტორების, ექსპერტებისა და აკადემიური წრეების, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით.
ამ კონტექსტში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, უაღრესად მნიშვნელოვანი თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან. ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით საპარლამენტო კომისიასთან, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის და სხვა დარგობრივ კომიტეტებთან მუშაობა.
ორივე პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, ასევე, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქვეყნის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ჩართული იყო სხვადასხვა ფორმატებში - გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა პარტნიორი ქვეყნების ყველა იმ ინსტრუმენტის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება ჩვენი პოლიტიკის პრიორიტეტებს, დემოკრატიული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებს. ვაგრძელებთ მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, ასევე, პარტნიორი-სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების დელეგაციებთან.
წელს ბრიუსელში ჩემი სამუშაო ვიზიტის, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული და სხვა არაერთი თემატური დიალოგის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელეთ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის შემდგომ განვითარებაზე, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე, არსებულ გამოწვევებზე და მათ დასაძლევად, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევისა და კოორდინირებული ქმედებების შემდგომი გაძლიერების გზებზე. ჩემი უშუალო მოწვევით, წელს ვუმასპინძლეთ რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, რომლებიც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრების კვალდაკვალ, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის ფარგლებში ადგილზე გაეცნენ ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას.
მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლიერება გამოვხატო საერთაშორისო საზოგადოების მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, დონორი სახელმწიფოების მხრიდან ჩვენი ორივე პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამოცანების შესაბამისად გაწეული ძალისხმევის ურყევი მხარდაჭერისთვის.