20 დეკემბერს, ქ. სტამბოლში გაიმართა ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-15 შეხვედრა, რომლის მიზანია აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიება და ხვედრის დადგენა. შეხვედრას, როგორც ნეიტრალური შუამავალი, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) თავმჯდომარეობდა.
ამ დრომდე, საკოორდინაციო მექანიზმის მუშაობის შედეგად 526 ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი და ექსჰუმირებული. მათგან 273-ია ამოცნობილი და გადაეცათ ოჯახებს სათანადო პატივით დასაკრძალად. აღნიშნული შესაძლებელი გახდა მიმდინარე, მკაფიოდ ჰუმანიტარული პროცესის მონაწილეების ერთობლივი ძალისხმევით და აქტიური ჩართულობით.
შეხვედრაზე, გაუჩინარებული ადამიანების ადგილსამყოფლის გარკვევაში მიღწეული შედეგების გარდა, ყურადღება გამახვილდა სამარხების შესახებ შემდგომი ინფორმაციის მოძიების აუცილებლობასა და ამოცნობის პროცესთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
მონაწილეებმა გაცვალეს მათ ხელთ არსებული დამუშავებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს შემდგომი მოძიებისა და იდენტიფიცირების პროცესს. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში დღემდე 1870 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, მათი ოჯახები მოუთმენლად ელიან კონკრეტულ პასუხს და მრავალწლიანი გაურკვევლობის დასრულებას.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პრაქტიკული ნაბიჯების თაობაზე, რათა უფრო მეტი ძალისხმევით შეგროვდეს და გაიცვალოს ინფორმაცია და, შესაბამისად, უფრო სწრაფი ტემპით წარიმართოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესი.
აფხაზეთში 1992-93 წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმი 2010 წელს შეიქმნა ICRC-ის ეგიდით. მონაწილეთა შორის არსებული სრულიად ჰუმანიტარული დიალოგი და საკოორდინაციო მექანიზმში მათი მუდმივი ჩართულობა გადამწყვეტია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენისთვის. გარდა დიალოგისა, მოძიებისა და ამოცნობის, ასევე ოჯახების მხარდაჭერის პროცესში ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცესის შემდგომი ეფექტურობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.