სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი:

5 თებერვალი 2024
„პატივცემულო დეპუტატებო, კომიტეტების თავმჯდომარეებო, მოგესალმებით! მივესალმები მინისტრობის კანდიდატებს და წარმოდგენილ საზოგადოებას! ჩემთვის პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობაა, დღეს თქვენ წინაშე წარვდგე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კანდიდატის რანგში.
 
მსურს მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ, ნდობის გამოცხადებისა და საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში, ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოზიციაზე კვლავ წარდგენისთვის. აქვე მინდა მადლობა გადავუხარო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, წლების განმავლობაში გაწეული თანადგომისა და სამთავრობო გუნდის ხელმძღვანელობისთვის
მოგეხსენებათ, სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის მიმართულებით ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების, შემუშავებისა და განვითარების პროცესების, ასევე, შესაბამისი მრავალსექტორული სტრატეგიების განხორციელების კოორდინაციას, დარგობრივ სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სპეციალურად შექმნილი სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში.
ჩვენი ქვეყნისთვის ორივე პოლიტიკის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი ხედვა ემყარება ერთი მხრივ, მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული, თანასწორი, კულტურულად მრავალფეროვანი და თანაბარუფლებიანი საზოგადოების მშენებლობის პრინციპებს.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მანდატის ფარგლებში, ჩვენი პრიორიტეტი და უცვლელი ამოცანაა, თანამიმდევრული პოლიტიკის გატარებით, ახალი მიდგომების დანერგვითა და ეფექტური ინსტრუმენტების გამოყენებით, ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ ორივე მიმართულებით. შესაბამისად, საქმიანობის ყველა ეტაპზე, ახალი გეგმების დასახვას, მიღწეული შედეგების შეფასებითა და ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების ანალიზით ვიწყებთ, რაც ინკლუზიურ ფორმატში, ყველა პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების ჩართულობით, მოსახლეობასთან ინტენსიური კომუნიკაციით, და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ზედამხედველობის თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს. ამავდროულად, უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინტენსიურ თანამშრომლობას სტრატეგიულ პარტნიორებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
 
იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ, მინისტრის საათის ფორმატში, თქვენ წინაშე წარმოვადგინე განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში, დღეს ყურადღებას გავამახვილებ ჩვენს სამომავლო ხედვასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელსაც, პირველ რიგში, წარმოგიდგენთ შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის მიმართულებით.
 
აღნიშნული პოლიტიკა, მოგეხსენებათ, უფრო ფართო, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და მისი ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც, დეოკუპაციის განზომილების პარალელურად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სამშვიდობო ინიციატივებისა და ჰუმანიტარული, სტატუს-ნეიტრალური ინსტრუმენტების გამოყენებით, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი, ომით ხელოვნურად დაშორებულ ადამიანებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან, ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოში, იმისათვის, რომ ადამიანთა დონეზე აღმოფხვრილ იქნას კონფლიქტი, დაძლეულ იქნას გაუცხოება და მიზანმიმართულად შექმნილი ნეგატიური განწყობები.
 
აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით დღესდღეობით არსებული შედეგები და პროგრესი, მიღწეულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგების, იმ ფაქტორებისა და გარემოებების ფონზე, რაც მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სრულფასოვან რეალიზაციას - იქნება ეს: რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ ფაქტობრივი ანექსიისკენ, თუ მოსახლეობის შემდგომი იზოლაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, ადამიანის უფლებების უხეში სისტემური დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაცია, რუსიფიკაციის და ასიმილაციის პოლიტიკა, გააქტიურებული ანტიქართული პროპაგანდა, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე კონტროლის და შეზღუდვების გამკაცრება, თუ სხვა უკანონო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ის მიზანმიმართული პრაგმატული ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მიერ მტკიცედ არჩეულ სტრატეგიულ ხაზს. მიმდინარე რეგიონული და გლობალური მოვლენებით გამოწვეული სირთულეების თუ ადგილობრივი გამოწვევების მიუხედავად, ერთგული ვრჩებით დასახული მიზნების და მტკიცედ განვაგრძობთ ძალისხმევას, რათა მეტ ხელშესახებ შედეგებს მივაღწიოთ ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების შერიგების გზაზე; ამავდროულად, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გავხადოთ სახელმწიფოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებისა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული სიკეთეები და შესაძლებლობები.
დასახული მიზნები ხორციელდება: ერთი მხრივ - საოკუპაციო ხაზებით და დეზინფორმაციით დაშორებული ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის სახალხო დიპლომატიის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესის საკითხების გარშემო დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით; მეორე მხრივ კი - კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული სპეციალური მექანიზმების შექმნითა და განვითარებით."