სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი თეა ახვლედიანი: გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია

5 თებერვალი 2024
მთავრობის განსაკუთრებული ზრუნვის საგნად კვლავ დარჩება გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება და მათი მხარდაჭერის მიზნით ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება.
 
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით გაგრძელდება მუშაობა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით, რათა შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე.
 
რა თქმა უნდა, აქტიურად გაგრძელდება გასულ წლებში ერთიანი სამთავრობო გუნდით წამოწყებული ყველა ინიციატივა; ამასთან, ხაზგასასმელია, რომ ჩვენი ხედვა ახალი სამოქმედო გეგმების შემუშავებისა თუ სტრატეგიების ადაპტაციის პროცესში ითვალისწინებს სწრაფად ცვალებად რეალობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებსა და მიმდინარე საჭიროებებს, იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო ქმედითი, შედეგზე- ორიენტირებული და ოპტიმალურ გზები გამოვნახოთ ახალი შესაძლებლობების განვითარებისთვის.
გვაქვს ურყევი მზაობა, ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს შევთავაზოთ უკეთესი მომავლის პერსპექტივა; დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობა, განვითარება და ევროპული მომავალი, ყველა ჩვენგანის განუხრელი არჩევანია.