შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარესთან ვიორელ მოშანუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით.
შეხვედრაზე განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული რიგით 117-ე შეხვედრის შედეგები.
ასევე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე შედეგები, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევები და რეგიონების შემდგომი ხელოვნური იზოლაციისკენ მიმართული აქტიური მცდელობები. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ძალისხმევის გაგრძელების აუცილებლობა, მათ შორის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის, ასევე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ჰუმანიტარულ ჭრილში დაუყოვნებელი გათავისუფლებისა და საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის უზრუნველსაყოფად.
თეა ახვლედიანმა უცხოელ დიპლომატს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თავის მხრივ, ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა და სამშვიდობო პროცესში ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.