თეა ახვლედიანმა ბორჯომში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა

8 მარტი 2024
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ბორჯომში ტრენინგ-სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით გამართულ ტრენინგ-სემინარზე, რომელსაც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან სოციალური მუშაკები და ექიმი ქალები ესწრებოდნენ, თეა ახვლედიანმა აქცენტი სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში ქალების მხარდაჭერის, მათი როლისა და ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების ფარგლებში დაგეგმილი ყველა ამოცანა პრიორიტეტულად განიხილავს ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების თემატიკას.
 
მინისტრის განცხადებით, ტრენინგ-სემინარში მონაწილე სოციალური მუშაკი და ექიმი ქალები, სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნების მისაღწევად მნიშვნელოვანი დასაყრდენია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ისინი პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ადგილზე განსაკუთრებულ მისიას ასრულებენ - ქალებზე ზრუნვასა და მათ მხარდაჭერასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობამდე ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ მიაქვთ ინფორმაცია, რასაც მათ საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს ჯანმრთელობის თუ სოციალური დაცვის კუთხით არსებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.
 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, თეა ახვლედიანმა სემინარის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ქალთა როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა.
 
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ორდღიანი სემინარის განმავლობაში, 30 მონაწილე ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებს სახელმწიფოს მიერ დანერგილი და მოქმედი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ, ასევე ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა ქალთა ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
 
მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ და ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ბერგლიოტ ჰოვლანდმა .
 
სემინარი „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), პროექტ "ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება, დემოკრატიის" (LEAD) და ნორვეგიის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ქალთა დღესასწაულების აღნიშვნას, ამჯერად ეხმიანება კულტურულ-საგანმანათლებლო ტრენინგ-სემინარის ორგანიზებით, რაც მიზნად ისახავს ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ქალების მონაწილეობის გაძლიერებას სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში. ღონისძიება იმართება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სფეროს წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით. ვფიქრობთ, რომ ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მათ მიეცემათ ფართო შესაძლებლობა, რომ აიმაღლონ ცნობიერება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო მექანიზმებზე, მიიღონ ძალიან სასარგებლო გამოცდილება, ინფორმაცია და ჰქონდეთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე მსჯელობის შესაძლებლობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი იმთავითვე განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ადგილობრივ მოსახლეობაზე ზრუნვას, მათ ჩართულობას, მათთვის ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებზე წვდომის უზრუნველყოფას და არსებული შესაძლებლობებისა და სიკეთეების მოსახლეობამდე მიტანას,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
„ძალიან სასიამოვნოა რომ აქ ვარ, როგორც ჩემს მისასალმებელ სიტყვაში უკვე აღვნიშნე, ქალების უფლებების მხარდაჭერა და ქალების გაძლიერება, ნორვეგიისთვის პრიორიტეტულია. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ UNDP-სა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ეთნიკურ უმცირესობებსა და მოწყვლად ჯგუფებს, ამ სემინარის ფარგლებში კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს. შესანიშნავია სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან მოსაზრებების მოსმენა როგორც მიღწეული პროგრესის, ასევე არსებული გამოწვევების თაობაზე,“ - განაცხადა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა.
 
„მოხარული ვარ, რომ დღეს ბორჯომში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ისევე როგორც ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებიდან ქალებთან ერთად ვიმყოფები, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რათა განვიხილოთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, გენდერული ნიშნით ძალადობა, დეზინფორმაცია და ადამიანის უფლებები. ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ, რომ სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს პროცესს და ამ მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად ადგილობრივი მოსახლეობა მოიწვია,“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ.