სახელმწიფო მინისტრი მარნეულში დაგეგმილ ღონისძიებებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის ფარგლებში, დაესწრო

22 მარტი 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრი მარნეულში დაგეგმილ ღონისძიებებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულის ფარგლებში, დაესწრო. თეა ახვლედიანმა, მთავრობის მეთაურთან ერთად, ქალაქის ცენტრში მოწყობილი ეთნოკუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა დაათვალიერა.
 
„მოხარული ვარ, რომ დღეს მაქვს შესაძლებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად, მარნეულიდან მოგილოცოთ ყველა ჩვენს ძვირფას თანამოქალაქეს, ვინც ნოვრუზ ბაირამს ზეიმობთ, გისურვოთ მშვიდობა, ბედნიერება, წარმატებები თქვენი ოჯახების და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ნოვრუზ ბაირამის ერთად აღნიშვნის მრავალწლიანი ტრადიცია წარმოაჩენს იმ მნიშვნელობას, რომელსაც ვანიჭებთ ჩვენი ქვეყნის ეთნოსთა კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, ტრადიციების დაცვას და გაზიარებას; იმ ურთიერთპატივისცემას, რაც აკავშირებს ჩვენს მრავალეთნიკურ საზოგადოებას. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული უნიკალური ღირებულებები, დღესდღეობით, არის განმტკიცებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკით და წარმოადგენს ჩვენი კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების შემდგომი გაძლიერების მყარ ფუნდამენტს. მე ნამდვილად მჯერა, რომ ერთმანეთის თანადგომით, მხარდაჭერით, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ დასახული მიზნების მიღწევას,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
მარნეულში გამართულ ღონისძიებებს ასევე ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.