თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა

26 მარტი 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.
 
სხდომაზე, რომელშიც სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები მონაწილეობდნენ, თეა ახვლედიანმა “სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში მიღწეული პროგრესის, კონკრეტული შედეგებისა და დასახული ამოცანების განხორციელების დინამიკაზე. ასევე განხილულ იქნა მიმდინარე აქტუალური საკითხები, რომელთა მიმართ ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მიდგომით, დაისახა მათი ეფექტიანად რეალიზების გზები.
 
„უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის დღევანდელი სხდომა წარიმართა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში ჩართული ყველა დარგობრივი უწყების მონაწილეობით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შეჯერების მიზნით, რაც უკავშირდება ჩვენი შემდგომი ერთობლივი ძალისხმევის, კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის წარმართვის პროცესს. დეტალურად განვიხილეთ გასული წლის საქმიანობის ანგარიში, შევაფასეთ მიღწეული შედეგები, ასევე ვიმსჯელეთ მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილ განსახორციელებელ ღონისძიებებზე. ჩვენ მიერ დასახულ, მრავალგანზომილებიან და ურთიერთდაკავშირებულ მიზნებთან მიმართებით, ჩვენ ასევე შევძელით დაგვესახა შემდგომი საქმიანობის მკაფიო ორიენტირები, რაც განვახორციელეთ როგორც მიღწეული პროგრესის, დღესდღეობით არსებული ვითარების, ასევე შემდგომი განვითარების პერსპექტივების კომპლექსური გაანალიზების საფუძველზე. ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ საქმიანობას საზოგადოების ფართო ჩართულობით, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებთან რეგულარული კომუნიკაციის უზრუნველყოფის გზით,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა წარმოადგინა 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია.
სამთავრობო კომისიის სხდომაში მოწვეული სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ სახელმწიფო ენის დეპარტამენტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა პირებმა.