სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
სახელმწიფო მინისტრმა კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან, ლაგოდეხის მერთან ჯონდო მდივნიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მოწყობილ ეთნიკურ კუთხეებს ესტუმრა და ხელნაკეთი ნივთების, ნახატების, საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენები დაათვალიერა.
მინისტრი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. თეა ახვლედიანი კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებსაც დაესწრო და ჭიდაობის ტურნირში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.