თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო კამპანია - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გახსნა

5 აპრილი 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებისთვის საინფორმაციო კამპანია - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ გახსნა
 
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ორენოვანი ახალგაზრდების როლზე საინფორმაციო კამპანიის მიზნების მისაღწევად, იმ დასახლებებში, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნა ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.
 
სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების ხაზგასმასთან ერთად, აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.
 
სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, ამ მიმართულებით პროექტ - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ მნიშვნელობა, რომლის მიზანია არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, ისევე როგორც გახსნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საინფორმაციო შეხვედრების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, ტრენინგ-სემინარის ფარგლებში, გათვალისწინებულია მათ შორის სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის, ასევე მედიაწიგნიერების საკითხები.
 
„სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში, დაარსებული პროგრამა „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის რამდენიმე მიზანს ერთდროულად ემსახურება. მოგეხსენებათ, საქართველოს მრავალეთნიკური მოსახლეობის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება ჩვენი ძალისხმევის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის სრულფასოვნად განხორციელებამდე, ჩვენს ამოცანად რჩება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი თანამოქალაქეების ჩართულობის, მშობლიურ ენაზე მათი ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე. ამასთან, ამ პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობა, მათი როლის გაძლიერება, ასევე ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. სწორედ, ამ მიზნებს ეხმიანება პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე ჩვენი ორენოვანი ახალგაზრდები, ტრენერთა ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის და ამ კუთხით სახელმწიფოს ძალისხმევის შესახებ მიღებულ ცოდნას და ინფორმაციას, გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
პროექტის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა თამარა სირბილაძემ.
 
სამდღიანი სემინარი მოიცავს შეხვედრებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და თემის ექსპერტებთან. სემინარში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდები სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტებიდან.
 
პროექტი „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის თანაორგანიზებითა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.