თეა ახვლედიანი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა და ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია გახსნა

17 აპრილი 2024
 
სახელმწიფო მინისტრმა ქვემო ქართლის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დმანისში შეკრებილ საზოგადოებას მრავალკომპონენტიანი კამპანიის მიზნები გააცნო. ერთთვიანი კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, სხვადასხვა მიმდინარე აქტუალური საკითხის შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებს.
 
როგორც თეა ახვლედიანმა აღნიშნა, კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ინფორმაცია მიიღოს განათლების, სახელმწიფო ენის შესწავლის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური დახმარებებისა და გასაცემლების, სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების, უფასო იურიდიული დახმარების და ხელისუფლების მიერ დაწესებული მხარდამჭერი აქტივობების შესახებ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების მნიშვნელობას, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრების თითოეულ სფეროში არაქართულენოვანი თანამოქალაქეების სრულფასოვანი მონაწილეობისათვის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა და ამავდროულად, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.
 
„სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, მათთვის საინტერესო ყველა სფეროში ჩართულობის ხელშეწყობა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების განმტკიცება, ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში, სახელმწიფო ენის სწავლების და განათლებაზე გამარტივებული უფასო შესაძლებლობების უზრუნველყოფასთან ერთად, ჩვენ ხელს ვუწყობთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკურ ინტეგრაციას სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებში მათ ჩართულობას და სათანადო ინფორმირების პროცესს. სწორედ ამიტომ, დმანისში, დღეს ჩვენ გავმართეთ შეხვედრა 40 სოფლის წარმომადგენელთან, სადაც განვიხილეთ ყველა მათთვის აქტუალური საკითხი და მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით დაგეგმილი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის თაობაზე, რომელსაც ჩვენ წელს, პირველად, ქვემო ქართლის რეგიონში ვხსნით და რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყველა დარგობრივი შესაბამისი სამინისტროს მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები ქვემო ქართლის 70-მდე სოფლის ადგილობრივ მოსახლეობასთან ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და მიაწვდიან მათ ამომწურავ ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ მათთვის გახსნილი შესაძლებლობების თაობაზე, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ინტეგრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის ჩართულობის პროცესს,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
ქვემო ქართლის მასშტაბით სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ფართომასშტაბიანი მრავალკომპონენტიანი საინფორმაციო კამპანია წარიმართება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობითა და კოორდინაციით, ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით. კამპანია 16 აპრილიდან 22 მაისამდე გაგრძელდება.