საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ახალქალაქში. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და ადგილობრივი შემსრულებლების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტები. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეთვალიერებინათ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ახალქალაქში მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცეები მრავალფეროვანი და საინტერესო კომპონენტებით, მათ შორის თემატური სტენდებით და შემეცნებითი გამოფენებით, სპორტული აქტივობებით, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის.
26 მაისის ღონისძიების კულმინაციისას 17:10 წუთზე საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდა. პერფორმანსების თანხლებით ჰაერში ათასობით ჰელიუმის ბუშტი გაუშვეს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გალა კონცერტით დასრულდა, სადაც ყველასთვის ნაცნობი კომპოზიციები შეასრულა ჯგუფმა „ფრანი“.