შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს ახალგაზრდებისთვის „მშვიდობის ჯილდოს“ მოსაპოვებლად.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონკურსი სამ ნომინაციაში გაიმართება:
1. საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა
2. საუკეთესო სამშვიდობო იდეა
3. საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი
კონკურსში მონაწილეობის მიღება, განაცხადების წარმოდგენის გზით, შეუძლია 18-დან 35 წლის ჩათვლით ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ახალგაზრდის / ახალგაზრდების ჯგუფის / ახალგაზრდული ორგანიზაციის უშუალო განაცხადით, ისე სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით.
კონკურსის შედეგად თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 3000 ლარის ოდენობით.
ჯილდო გაიცემა შემდეგი ნომინაციების მიხედვით:
ნომინაცია N1 - საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობას:
• საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის კონტაქტების განმტკიცებისა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის ინიციატივ(ებ)ში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.
ნომინაცია N2 - საუკეთესო სამშვიდობო იდეა
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ და აფხაზ / ქართველ და ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობისა და ნდობის აღდგენის საუკეთესო ინიციატივის/საპროექტო იდეის წარმოდგენა;
• წარმოდგენილი ინიციატივის ინოვაციურობის და განხორციელების შესაძლებლობის დასაბუთება ;
• ინიციატივით გათვალისწინებული აქტივობის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელების შემთხვევაში, ადგილობრივი პარტნიორ(ებ)ის / პარტნიორი ორგანიზაცი(ებ)ის მითითება, ასეთის არსებობას.
ნომინაცია N3 - საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
• კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მშვიდობის მშენებლობის, ქართულ-აფხაზური / ქართულ-ოსური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის თემაზე კვლევითი, სამეცნიერო ან/და აკადემიური ხასიათის ნაშრომის მომზადება, სადაც ნათლად არის გამოკვეთილი სამშვიდობო გზავნილი;
• განხორციელებული აკადემიური ხასიათის საქმიანობის შედეგად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საზოგადოების ქართველ-აფხაზ / ქართველ - ოს წევრებს შორის მშვიდობის მშენებლობის ან/და ნდობის აღდგენის იდეის ხელშეწყობა / პოპულარიზაცია.
სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს:
• განხორციელებული / განსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან;
• კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა / საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას / დაახლოებას;
• მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას.
განაცხადები უნდა მიეწოდოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს 2024 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით, ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
press@smr.gov.ge
წარმოდგენილ განაცხადში მითითებული უნდა იყოს:
• ინფორმაცია კანდიდატის, ან მისი წარმდგენი პირის/პირების თაობაზე, საკონტაქტო მონაცემების ჩათვლით;
• ინფორმაცია კანდიდატის შესახებ - სახელი, გვარი, მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები (განათლება, საქმიანობის სფერო);
• მოკლე აღწერა მშვიდობის მშენებლობის / ნდობის აღდგენის პროცესში კანდიდატის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ;
• დანართები - საპროექტო იდეის, განხორციელებული საქმიანობის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის, ნაშრომების, ვიდეოების ან/და სხვა დამხმარე მასალის სახით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
---------------------
წარდგენილი კანდიდატი/კანდიდატთა ჯგუფი წინასწარ ინფორმირებული უნდა იყოს კონკურსში ნომინირების შესახებ და თანახმა უნდა იყოს მისი კანდიდატურის განხილვაზე.
კანდიდატ(ებ)ის შერჩევა მოხდება „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ.
გამარჯვებული კანდიდატების გამოცხადება და დაჯილდოება მოხდება მშვიდობის საერთაშორისო დღის (2024 წლის 21 სექტემბერი) აღნიშვნის ფარგლებში.
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში საკონტაქტო პირია - სოფიო ლეთოდიანი - 598 60 50 20