უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროგრამის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის პროგრამის საგრანტო კონკურსი

3 ივლისი 2024

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის პროგრამის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის პროგრამის საგრანტო კონკურსს

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მხარდაჭერით ხორციელდება, ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ინიციატივით, 2019 წელს განხორციელებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად, მიმდინარეობს აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ეტაპობრივი ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის გაზრდას, მათ შორის, განსაზღვრული ფუნქციების ICRC- გან ეტაპობრივი გადმობარების და მათ აღსასრულებლად საჭირო დამატებითი რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფის გზით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის უკვე გაზრდილი კომპეტენციებისა და ფუნქციების გათვალისწინებით, ცხადდება საგრანტო კონკურსი #01-2024 - „საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომა“, რომლის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა; უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთათვის, საჭიროების შესაბამისად, ფსიქოლოგიური თანადგომის  უზრუნველყოფა; გაუჩინარების პრობლემაზე ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის პროგრამის უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ხსოვნის უკვდავყოფა, თანაგრძნობის და პატივისცემის გამოხატვა დაკარგულთა ოჯახებისადმი, რომელთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იგრძნონ რომ მათი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოჯახის წევრები დავიწყებული არ არიან, საზოგადოებას ახსოვს და ემახსოვრება სამშობლოს წინაშე მათი ღვაწლი.

საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის კომპონენტი, ზემოაღნიშნული მიზნების და პრიორიტეტების შესაბამისად სამ ძირითად განზომილებას მოიცავს:

  1. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ხსოვნის უკვდავყოფის ხელშეწყობის მიზნით, სიმბოლური/ მემორიალური ღონისძიებების და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეების (30 აგვისტო, 8 დეკემბერი) სათანადოდ აღნიშვნის უზრუნველყოფა, ასევე მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერა:
  • 30 აგვისტო, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საერთაშორისო დღე: - უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე საქართველოში, 2003 წლიდან აღინიშნება ფონდი ,,მოლოდინის” ორგანიზებით. დროთა განმავლობაში, ღონისძიებამ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით აღინიშნებოდა. 2023 წლიდან კი, ICRC-ის მიერ დანერგილი პრაქტიკის გათვალისწინებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით დედაქალაქთან ერთად, საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება.
  • 8 დეკემბერი - უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელზე დაწერილი ხატის დღე: 8 დეკემბერს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღვთისმშობლის ხატის- ,, სამი სიხარულის’’ ხსენების დღეს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული/გაუჩინარებული ადამიანების მფარველად მიიჩნევა. აღნიშნული ხატის დღის აღნიშვნას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, განსაკუთრებით კი იმ ოჯახებისთვის, რომელთაც უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულთა ხვედრის თაობაზე დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სახელზე დაწერილი ხატი ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2014 წელს აკურთხა, რის შემდგომაც, ყოველწლიურად, საქართველოს მასშტაბით (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, წყალტუბო, ზუგდიდი, გორი) წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, ოჯახების მონაწილეობით, იმართებოდა ღონისძიება და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა/გაუჩინარებულთა სულების მოსახსენიებლად აღევლინებოდა პარაკლისი. 2023 წლიდან აღნიშნული პრაქტიკა, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრების მხრიდან მაღალი ინტერესით და აქტივობით ხასიათდება, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით გრძელდება.

  1. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრთათვის ფსიქოლოგიური თანადგომის საჭიროებისამებრ უზრუნველყოფა - ახლობელი ადამიანის გაუჩინარება და გაურკვევლობაში ყოფნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს განსაკუთრებულ ტრავმას აყენებს, ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს მათზე. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც ორაზროვანი დანაკარგი. სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით, საქართველოში 2,000-მდე  ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახების ფსიქოლოგიური თანადგომა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დანერგილი პრაქტიკით, საერთაშორისო გამოცდილების და თავად ოჯახების სურვილებისა და საჭიროების მხედველობაში მიღებით ხორციელდება.

აღნიშნული თანადგომის გამოკვეთილი საჭიროება განსაკუთრებით ვლინდება სპეციფიკური მომენტების დროს, რაც მოიცავს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა იდენტიფიცირების პროცესის ყველა ეტაპს (ნეშტების ექსჰუმაციის, ანალიზის, იდენტიფიცირების, ოჯახებისთვის ნეშტების გადაცემის და შემდგომ ეტაპს).

  1. უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის და მათი ოჯახების მხარდაჭერის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება-                                                                                        უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების სახელობის მემორიალებთან შეკრება, მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და შესაბამისი თარიღების აღნიშვნა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი ნაწილია გაუჩინარების პრობლემასა და იმ შედეგების შესახებ, რაც ახლობელი ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვას მოაქვს. 

შესაბამისად, მოცემული საგრანტო პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ოჯახების თანადგომის კომპონენტით გათვალისწინებული ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.

გრანტის გამცემია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. საგრანტო პროგრამის მთლიანი ზღვრული მოცულობა არის 120,000 (ას ოცი ათასი) ლარი, რომელიც ფინანსდება „საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის დამტკიცებული ასიგნებიდან.

საგრანტო კონკურსის მთლიანი ზღვრული მოცულობა ნაწილდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალზე, შემდეგი პრინციპითა და პროპორციულობით:

  1. ქ. თბილისისთვის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონისთვის გათვალისწინებული საერთო საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 40,000 (ორმოცი ათასი) ლარს (ღონისძიების გამართვის ძირითადი ადგილი- თბილისი);
  2. შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, ასევე იმერეთის რეგიონის საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული საერთო საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს (ღონისძიების გამართვის ძირითადი ადგილი- გორი);
  3. იმერეთისა (გარდა საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებისა) და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონისთვის გათვალისწინებული საერთო საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს (ღონისძიების გამართვის ძირითადი ადგილი- ქუთაისი);
  4. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონისთვის გათვალისწინებული საერთო საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს (ღონისძიების გამართვის ძირითადი ადგილი- ზუგდიდი);
  5. აჭარისა და გურიის რეგიონისთვის გათვალისწინებული საერთო საგრანტო ბიუჯეტი შეადგენს 20,000 (ოცი ათასი) ლარს (ღონისძიების გამართვის ძირითადი ადგილი- ბათუმი).

განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება, ოჯახების თანადგომის კომპონენტის ზემოხსენებული სამი განზომილების შესაბამისად, იმ ერთი კონკრეტული გეოგრაფიული არეალის მითითებით, სადაც განხორციელდება საგრანტო წინადადებით გათვალისწინებული საქმიანობა.

საგრანტო ვადაა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვე.

კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს ან მის ფილიალს, რომელიც საქმიანობს საქართველოში, დაინტერესებულია საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული მიზნებით და აკმაყოფილებს ამ პროგრამის ფარგლებში შექმნილი საგრანტო კომისიის მიერ დადგენილ ყველა კრიტერიუმს.
  2. საგრანტო განაცხადით მოთხოვნილი გრანტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის გეოგრაფიულ არეალში საგრანტო პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ზედა ზღვარს.
  3. განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საგრანტო წინადადება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ყველა ძირითად განზომილებაზე.
  4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული, ხელმოწერილი და დასკანირებული საგრანტო განაცხადის ფორმა (დანართი №2);
  • საგრანტო წინადადება (დანართი №2.1);
  • სამოქმედო გეგმა (დანართი №2.2), რომლითაც გათვალისწინებული აქტივობების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა დაგეგმილი უნდა იყოს ამ განაცხადში მოცემული მნიშვნელოვანი ვადების გათვალისწინებით;
  • პროექტის ბიუჯეტი (დანართი №2.3);
  • პროექტის თანამშრომლების რეზიუმეები ქართულ ენაზე;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ან მისი ფილიალის ოფიციალური წესით დამოწმებული ორგანიზაციის წესდება;
  1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, განმცხადებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს შემდეგი მოთხოვნები:
  • კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებისა და მათი სპეციფიკური მდგომარეობის შესახებ სათანადო ცოდნა);
  • ღონისძიების ორგანიზების გამოცდილება (მინიმუმ ერთი ღონისძიება), რაც დადასტურებული იქნება ხელშეკრულებით და/ან მიღება-ჩაბარების აქტით.
  • ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მხარდამჭერი სესიების ჩატარების კომპეტენცია და მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს გაწეული მომსახურების დამადასტურებელი ხელშეკრულებებითა და მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციით;
  • პროგრამის თანამდგომის- სოციალური მუშაკის კანდიდატურა, რომელსაც ექნება სფეროში მინიმუმ 2 (ორი) წლიანი სამუშაო გამოცდილება. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული კანდიდატის რეზიუმით (CV), სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მისი გამოცდილების შესახებ;
  • მინიმუმ 1 (ერთი) ფსიქოლოგის კანდიდატურა, რომელიც ფლობს 2 (ორი) წლიან სამუშაო გამოცდილებას. აღნიშნული უნდა დასტურდებოდეს შემოთავაზებული ფსიქოლოგების კანდიდატურების რეზიუმეებით (CV), სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მათი გამოცდილების შესახებ.

ჩამოთვლილთაგან რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობა შესაძლოა, გახდეს განმცხადებლის დისკვალიფიკაციის საფუძველი.

განაცხადების განხილვისას საგრანტო კომისია ხელმძღვანელობს სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2024 წლის 02 ივლისის N 23 ბრძანებით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თანამონაწილეობა არ არის სავალდებულო.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: press@smr.gov.ge

საგრანტო განაცხადი შედგება შევსებული საგრანტო განაცხადის ფორმისა და თანდართული დოკუმენტაციისგან, რომლებიც ამავე ფორმით არის გათვალისწინებული (საგრანტო განაცხადის ფორმა და თანდართული დოკუმენტაცია ჩამოტვირთეთ ვებგვერდიდან www.smr.gov.ge).

გრანტის მიმღებმა საგრანტო ხელშეკრულების დადებამდე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტში (დეპარტამენტი) უნდა წარმოადგინოს საგრანტო განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების დედნები.

გრანტის მიმღები ვალდებულია, გრანტის გამცემს წერილობით, მატერიალური ფორმით წარუდგინოს მიმდინარე და საბოლოო პროგრამული და ფინანსური ანგარიშები, საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში.

 

მნიშვნელოვანი ვადები

 საგრანტო კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადების  გამოქვეყნება  არაუგვიანეს 2024 წლის 3 ივლისი 
 საგრანტო განაცხადის წარმოდგენის  ბოლო ვადა  2024 წლის 22 ივლისი, 18:00 საათი
 საგრანტო განაცხადის შეფასება და  გადაწყვეტილების გამოქვეყნება        არაუგვიანეს 2024  წლის 30 ივლისი
 საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება  2024 წლის 2 აგვისტოდან
 საგრანტო ვადა  2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ:

ელ. ფოსტა: press@smr.gov.ge

ტელ.: (+995) 511 12 13 73

___________________________________ 

 

1.       საგრანტო პროგრამა

2.       დანართი 1 - საკონკურსო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

3.       დანართი საგრანტო განაცხადის ფორმა

4.       დანართი 2.1 - საგრანტო წინადადება

5.       დანართი 2.2 - სამოქმედო გეგმა

6.       დანართი 2.3 - ბიუჯეტის ფორმა

7.       დანართი 2.4 - პროექტის პროგრამული და ფინანსური ანგარიში

8.       დანართი 3 - საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

9.       საგრანტო ხელშეკრულება