სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონმა, მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანნ მონტავონმა, მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში, სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივად გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მონაცემთა გაზიარებას. მხარეთა მიერ მონაცემების გაზიარება ეფუძნება ოჯახების თანადგომის მიმართულებით ჰუმანიტარული საქმიანობის მიზნებს, მათ შორის, ოჯახებთან კომუნიკაციის, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების ძალისხმევის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერის ამაღლებისა და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამართვის თვალსაზრისით. აღნიშნული, დამატებით, ხელს შეუწყობს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (ICRC) წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებასა და გაღრმავებას.
„ურთიერთგაგების მემორანდუმი კიდევ ერთხელ ასახავს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის სიმტკიცეს, ამავე დროს, ადასტურებს ICRC-ისა და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ძალისხმევას, რომელიც ერთობლივად ხორციელდება, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და მათი ოჯახების თანადგომის მიზნით. მონაცემთა გაცვლის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა წარმოადგენს პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში გადადგმულ კიდევ ერთ დასკვნით ადმინისტრაციულ ნაბიჯს, ოჯახების კომპონენტის სრულფასოვნად განსახორციელებლად, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული, კანონმდებლობის შესაბამისად, ოჯახების უფლებები და პერსონალური მონაცემები, მათი გაუჩინარებული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ხელი მოეწეროს ურთიერთგაგების მემორანდუმს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის. ეს დოკუმენტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ნათესავების თანადგომასთან დაკავშირებული მონაცემების გაზიარებას შეეხება. ეს გახლავთ ჩვენი და საქართველოს ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევის დასტური უგზო-უკვლოდ დაკარგული ბევრი ოჯახის მიმართ, ვინც შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად მძიმე ვითარებაში აღმოჩდა. მათი საჭიროებების დაკმაყოფილება კომპლექსური ამოცანაა, რადგან გაურკვევლობა, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება, იწვევს მწვავე სოციალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რაც თავისთავად გამოწვევაა და გრძელვადიან ჩართულობას მოითხოვს. დღეს ჩვენი აქ ყოფნა და მემორანდუმის ხელმოწერა მიზნად ისახავს განსაკუთრებულ ვითარებაში მყოფი უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ოჯახების დახმარებას. ეს, ასევე, გახლავთ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ხელისუფლების გაზრდილი და ეფექტური პასუხისმგებლობისაკენ, გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დასადგენად და მათი ოჯახების მდგრადი მხარდაჭერისათვის ძლიერი, გრძელვადიანი და ადგილობრივად მართული სისტემის არსებობის უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელმა ანნ მონტავონიმ.