თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

6 აგვისტო 2024
ახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო.
 
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან 7 სამხედრო და 9 მშვიდობიანი მოქალაქეა.
 
შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. 4 მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
 
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, მუშაობის აქტიური ფაზა 2013 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 621 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 316. 2000-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.