შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა.
სახელმწიფო მინისტრმა, თბილისში დაარსებულ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის და მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
„30 აგვისტო იმ პატივისცემის და თანაგრძნობის სიმბოლოა, რომელსაც საზოგადოება გამოხატავს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახების მიმართ, მათი სიძლიერისა და გამძლეობის მიმართ. ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ 2000-მდე ოჯახისთვის, რომლებმაც ჯერაც არაფერი იციან თავიანთი გაუჩინარებულად მიჩნეული ახლობლების ხვედრისა და ადგილსამყოფელის თაობაზე. ჩვენი გულწრფელი სურვილიც და სახელმწიფო პოლიტიკით აღებული ვალდებულებაც არის, რომ საზოგადოებას და მომავალ თაობებს, მუდამ ახსოვდეთ ჩვენი დაკარგული თანამემამულეები, სამხედრო და სამოქალაქო პირები და სამშობლოს წინაშე მათი გაწეული ღვაწლი. კიდევ ერთხელ, თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, რომელთა ჩართულობითა და ნება-სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისთვის, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
აქვე მინდა მადლიერებით მივმართო როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში დღევანდელი ღონისძიებების ყველა მონაწილეს, ოჯახებს ჩვენს ყველა პარტნიორს, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაწეული თანადგომისთვის ,”- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერითა და მასპინძლობით, როგორც დედაქალაქში, ასევე გორში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღის - 30 აგვისტოს აღნიშვნის მიზანია, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე საზოგადოების ყურადღების გამახვილება და ცნობიერების ამაღლება, ოჯახების თანადგომა და მათი გაუჩინარებული ახლობლების ხსოვნის უკვდავყოფა.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ამ დრომდე 2000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, რომელთა მოძიება და ოჯახებისთვის დაბრუნება მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.