თეა ახვლედიანი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

31 აგვისტო 2024
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების - გრენადის, სენტ-ვინსენტის და გრენადინების და სენტ-ლუსიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრა სამუშაო სადილის ფორმატში გაიმართა.
 
თეა ახვლედიანმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში გაწეულ ძალისხმევაზე, განსაკუთრებით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს, ასევე, გააცნო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები.
 
სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა საქართველოში ვიზიტით მყოფ საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მათი ქვეყნების მხრიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გლობალური პარტნიორობის განმტკიცებისა და აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.