თეა ახვლედიანი: ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ვგეგმავთ დამატებითი ფინანსური რესურსების მიმართვას სახალხო დიპლომატიის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით

27 ნოემბერი 2024
თეა ახვლედიანი: ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ვგეგმავთ დამატებითი ფინანსური რესურსების მიმართვას სახალხო დიპლომატიის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით
 
„დავიწყებ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკით, რომელიც, მოგეხსენებათ, უფრო ფართო, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილი და ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მიმართებით ხორციელდება. მისი სტრატეგიული მიზანია, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე, შექმნას წინაპირობები და მოამზადოს სათანადო საფუძველი, ომით დაშორებული საზოგადოების ქართველ, აფხაზ და ოს წევრებს შორის ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრების აღსადგენად ერთიან, ძლიერ სახელმწიფოში. დასახული მიზნების მისაღწევად ვახორციელებთ ჩვენ მიერ დანერგილ სამშვიდობო ინიციატივებს, სტატუს-ნეიტრალური და ჰუმანიტარული მიდგომების გათვალისწინებით.
 
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგები მნიშვნელოვან დაბრკოლებად გვევლინება სრულფასოვანი შერიგების მიღწევის გზაზე, ღრმად გვწამს, რომ გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის კავშირების გამყარება ადამიანთა დონეზე კონფლიქტის აღმოფხვრის, გაუცხოების დაძლევისა და შერიგების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესების გარშემო თანამშრომლობის ხელშემწყობ ღონისძიებებს, ისევე როგორც აქტიურ კომუნიკაციას ჩვენ ხელთ არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით, რაც მიზნად ისახავს მშვიდობის მშენებლობას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნას. ამ კუთხით, დღემდე მხარდაჭერილ პროექტებთან ერთად, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ვგეგმავთ დამატებითი ფინანსური რესურსების მიმართვას სახალხო დიპლომატიის, დიალოგისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება სამშვიდობო პროცესში დევნილი მოსახლეობის ჩართულობა და მათი როლის გაძლიერება.
 
შერიგებისა და ნდობის აღდგენის გზაზე ჩვენთვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიცირების და ოჯახებისთვის გადაცემის, წმინდად ჰუმანიტარული ხასიათის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. ქართულ-აფხაზური ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ჩვენ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით განვაგრძობთ მუშაობას, რათა, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, შეძლებისდაგვარად მეტ ოჯახს დავუბრუნოთ პასუხი მათი გაუჩინარებული ოჯახის წევრის ხვედრის თაობაზე,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა.