შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.ქეთევან ციხელაშვილმა მათ სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის ორივე მიმართულება გააცნო. მან, ასევე, ისაუბრა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრაზე, ასევე, მიმოიხილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებში რუსეთის როლი და რეგიონში არსებული ვითარება.
"ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა ამ უნივერსიტეტის სტუდენტებთან. ისინი დაინტერესებულნი არიან იმ თემატიკით, რომელზეც სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის, კონფლიქტების მოგვარებისა და რეგიონული თანამშრომლობის თემებით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მათ კითხვებს უპასუხა.