სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„უპირველესყოვლისა, გულითადად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! 26 მაისი არის პატრიოტული სულისკვეთებით აღსავსე, მშვიდობის და თავისუფლების, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების იდეით დატვირთული დღე, რამდენადაც ის უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მონაპოვარს და ეროვნულ ღირებულებებს.
სწორედ ამიტომაც, დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიმტკიცითა და სიმამაცით იღვაწა ჩვენი მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად და თავი შესწირა ერთიანი და ძლიერი საქართველოს ეროვნულ მიზანს. დღევანდელი დღე ასევე, განასახიერებს ჩვენს მრავალფეროვან კულტურას და ტრადიციებს, მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე იმ ღირსებას, შემწყნარებლობას, დიდსულოვნებას, რომელმაც შექმნა ჩვენი უნიკალური იდენტობა და დაგვაძლევინა არაერთი გამოწვევა და ქარტეხილები. დღევანდელი დღე არის საქართველოს მომავლის რწმენის დღეც, რასაც განამტკიცებს ჩვენი ყოველდღიური და ინტენსიური ძალისხმევა ვემსახუროთ სამშობლოს, ღირსეულად აღვასრულოთ ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის გაცხადებული და დამსახურებული მიზნები ჩვენი ხალხის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკეთილდღეოდ. მჯერა, რომ სწორედ ამ გზით შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გამთლიანებას და რა თქმა უნდა შევძლოთ, რომ აღვადგინოთ, ჩვენი საზოგადოების დროებით დაშორებულ აფხაზ და ოს წევრებთან ერთად, შერიგების გზით, ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული თანაცხოვრება ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.