თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან

2 ივნისი 2025
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან - ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში მაგდალენა გრონოსთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გაერო-ს წარმომადგენელთან ჯიჰან სულთანოღლუსთან და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტოფ შპეტთან.
 
სახელმწიფო მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებზე, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებაზე.
 
თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. ამასთან, სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
 
მხარეები შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.