სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი - 56-ე შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს ტირიფონის არხის დამბის საკითხი და შეთანხმდნენ, რომ შედგეს კომუნიკაცია აღნიშნული დამბის ექსპლუატაციისა და წყლის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების და ახალგორის მკვიდრის დავით ბაშარულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და გორის რაიონის სოფელ დიცთან გუშინ დაკავებული გოჩა ბერუაშვილის საკითხები.
ამასთან, ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა პროტესტი გამყოფ ხაზზე მავთულხართის გავლებისა და ამ პროცესის შედეგად მიმდებარე სოფლების მოსალეობისთვის შექმნილი პრობლემების გამო.
ერგნეთში მორიგი შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენენ.