ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების 32-ე რაუნდი გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობას უხელმძღვანელა.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჯგუფის წევრებმა დღის წესრიგით გათვალსწინებული ყველა საკითხი განიხილეს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საკითხი. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით,საერთაშორისო პარტნიორებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული უფლების რეალიზება უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
"ასევე განვიხილეთ გადაადგლების თავსიუფლების საკითხიც. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დევნილთა საკითხიც. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის ზოგმა მონაწილემ საკითხის პოლიტიზირება სცადა და შეხვედრა დატოვა, ამ თემაზე მსჯელობა მაინც გაგრძელდა. ამ რაუნდს დაემთხვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კვლევის შედეგების გამოქვეყნება, რომლებმაც ნათლად აჩვენა დევნილი საზოგადოების სურვილები, განზრახვები და ის, თუ როგორ ხედავენ ისინი საკუთარ მომავალს. ეს კვლევა იძლევა მყარ საფუძველს საკითხის არსებითი განხილვის გაგრძელებისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, 32-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში პოზიტიურ ჭრილში განიხილეს კულტურული მემკვიდრეობისა და ეკოლოგიური საკითხები, ასევე, რიგი ინფრასტრუქტურული ინციატივები.
"ამ რაუნდზე საკმაოდ პროდუქტიული აზრთა გაცვლა-გამოცვლა შედგა და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენს მიერ მონიშნულ საკითხებზე მუშაობა ვითარების გაუმჯობესების მიმართულებით მოიტანს შედეგებს", - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მომდევნო - 33-ე რაუნდი 6-7 ოქტომბერს გაიმართება.