თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

17 დეკემბერი 2025
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.
 
უწყებათაშორისი კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა და ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესის, მისი შემდგომი მდგრადობის და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედის და ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით.
 
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული თემატიკის მიხედვით, განხილულ იქნა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის მიმდინარეობა, მიღწეული პროგრესი, აქტუალური საკითხები და სამომავლო ხედვები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესზე, სახელმწიფო უწყებების მეტად გაზრდილ როლსა და შესაბამისი ფუნქციების განხორციელების გზებზე.
 
,,კომისიის დღევანდელ სხდომაზე, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა დარგობრივ სახელმწიფო უწყებასთან ერთად, შევაჯამეთ მჭიდრო და კოორდინირებული საქმიანობით მიღწეული შედეგები და ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც მიმართული იქნება პროგრამის ეფექტიანობის შემდგომ გაზრდაზე. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილეთ პროგრამის ტრანსფორმაციის მიმდინარე ეტაპზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის რეკომენდაციები, მათი შესაძლო გათვალისწინების ოპტიმალური გზები, რაც ეხმიანება პირველ რიგში ოჯახების ინტერესს, საქართველოში პროგრამის მიმდინარეობის სპეციფიკას და საზოგადოებაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროცესის შემდგომ წარმატებით განხორციელების მოლოდინს,” - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
 
უწყებათაშორისი კომისია 2019 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა. პროცესში ჩართული უწყებების ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მოქმედი საკოორდინაციო მექანიზმების ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს 1990-ანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების, იდენტიფიკაციის და ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი. ამ დრომდე, იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 323 პირის ნეშტი.