შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა. მინისტრებმა მედპერსონალსა და პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნენ. თეა ახვლედიანმა და მიხეილ სარჯველაძემ მათ შორის, ის პაციენტები მოინახულეს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობენ და სამედიცინო მომსახურებას რუხის კლინიკაში იღებენ.
თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ენგურის ხიდის უშუალო სიახლოვეს უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არის იმ დიდი ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება, რაც ერთიანი სამთავრობო მიდგომით, შერიგების, ნდობის აღდგენის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში ხორციელდება.
„დღეს ჩვენ ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მოვინახულეთ პაციენტები აფხაზეთის რეგიონიდან, რომელთაც აქვთ საშუალება სხვა მრავალპროფილურ კლინიკებთან ერთად, ენგურის ხიდის უშუალო სიახლოვეს მდებარე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება. ეს არის იმ დიდი ძალისხმევის ერთ-ერთი ნათელი გამოვლინება, რასაც ჩვენ ერთიანი სამთავრობო მიდგომით ვახორციელებთ შერიგების, ნდობის აღდგენის და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი, ჩვენს დროებით დაშორებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას მივულოცო ახალი წელი, ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, რისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად ვზრუნავთ და ვახორციელებთ ინტენსიურ ძალისხმევას სწორედ იმისთვის, რომ ერთად დავძლიოთ ოკუპაციით შექმნილი ბარიერები და ჩვენს მოსახლეობას მიეცეს მშვიდობიანი თანაცხოვრების და ერთმანეთისთვის ყველა სიკეთის პირადად გაზიარების შესაძლებლობა,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
მიხეილ სარჯველაძემ, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულება რეგიონის მოსახლეობას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პაციენტებს მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებს სთავაზობს.
კლინიკაში გაიმართა პრეზენტაციაც, სადაც საავადმყოფოს მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური კლინიკაა, სადაც მუდმივად მიმდინარეობს მომსახურების ხარისხის, სერვისების განვითარებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების მიმართულებით მუშაობა. 2025 წელს კლინიკა 25 000 პაციენტს მოემსახურა, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოსახლეობა.
ხაზი გაესვა, რომ რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ არა მხოლოდ გაზარდა თავისი შესაძლებლობები, არამედ მოახდინა ინვესტიციები, რამაც რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხარისხი მკვეთრად შეცვალა.
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი.