თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ხელმძღვანელობით, ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით შექმნილი სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის სხდომა სახელმწიფო მინისტრმა გახსნა. თეა ახვლედიანმა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში 2025 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა და ისაუბრა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და თანამშრომლობის ხელშეწყობას. სამთავრობო უწყებათაშორისმა კომისიამ შეაფასა სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.
„უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის დღევანდელ სხდომაზე წარმოვადგინეთ გასული წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის ანგარიში. ამასთან, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამის დარგობრივ უწყებებთან ინტენსიური და კოორდინირებული თანამშრომლობით მიღწეული შედეგების და გამოვლენილი ტენდენციების ანალიზის საფუძველზე, ვიმსჯელეთ სამშვიდობო ინიციატივებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის უკვე გახსნილი შესაძლებლობების შემდგომი განვითარების გზებზე, რათა ჩვენი ძალისხმევა მაქსიმალურად იყოს მორგებული არსებულ საჭიროებებს და მეტ შედეგებს მივაღწიოთ ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენის და შერიგების გზაზე,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. სხდომას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის წარმომადგენლები.