პროექტის „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ დახურვის ცერემონია გაიმართა

14 აგვისტო 2015

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პროექტში "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" მონაწილე სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პროექტი ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად განახორციელეს.
"ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა ერთად მიიღეს გარკვეული გამოცდილება, თუ როგორ იმართება სახელმწიფო, რა პრობლემები არსებობს და როგორ უმკლავდება სახელმწიფო გამოწვევებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს. მათ ძალიან დიდი ძალისხმევა გაწიეს არა მარტო ამ პროგრამის, არამედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების საკითხებზე მუშაობისას. მიგვაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები იქნებიან პიონერები და გააგრძელებენ სამოქალაქო ინტეგრაციას სამოქალაქო ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა .

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა პროექტის ერთობლივად განხოციელების მნიშვნელობას.

"სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ყოველთვის მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, ეთნიკურ უმცირესობათა დამეგობრებას და მათ მონაწილეობას ქვეყნის ჩამოყალიბებაში"- განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

პროექტის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ამგვარი პროექტები გაგრძელდება და პროექტებში მეტი მეტი ახალგაზრდა ჩაერთვება.

ამ კლუბში შევიკრიბეთ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. პროექტის ფარგლებში ჩატარდა სემინარები და ტრენინგები, გვქონდა შეხვედრები სამთავრობო უწყებებში. მონაწილეები იყვნენ რეგიონებიდანაც, ჩვენ მათ გავაცანით პრობლემები და მივიღეთ ინფორმაცია. პროექტი ძალიან მოგვეწონა და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში უფრო მეტი ასეთი პროექტი იქნება და ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან ამ საქმეში,- განაცხადა "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის" მონაწილემ ჰეიდარ ბაირამოვმა.

პროექტი "ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდების განვითარების აკადემიასთან ერთად განახორციელეს. პროექტი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი 40 ახალგაზრდა, მათ შორის "1 4" პროგრამით ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობდნენ. პროექტის ფარგლებში გაიმართა ლექცია-სემინარები და შეხვედრები მთავრობის წევრებთან.