თეა ახვლედიანისა და ანიეს ქოთუს ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13 თებერვალი 2026
თეა ახვლედიანისა და ანიეს ქოთუს ხელმძღვანელობით გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანად წარმართვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დესპანის ანიეს ქოთუს ხელმძღვანელობით, გაფართოებული ფორმატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო მინისტრის აპარატის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების ჰუმანიტარული პროცესისა და მისი შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე, გაუჩინარებულ პირთა ბედის და ადგილსამყოფლის დადგენისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის თვალსაზრისით.
 
მხარეებმა მიმოიხილეს ინტენსიური თანამშრომლობის შედეგები, მათ შორის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) სტრატეგიული კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარე პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესის აქტუალური საკითხები და პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ფუნქციების შემდგომი განხორციელების ოპტიმალური გზები; პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით, დაიგეგმა კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები.