სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 1+4 პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

16 თებერვალი 2026
სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური 1+4 პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა და სხვადასხვა უნივერსიტეტების „1+4“ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
 
ლია გიგაურმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი - შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო; საუბარი შეეხო სახელმწიფო სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, ისევე როგორც სამომავლო ინიციატივებში ახალგაზრდების ინტერესების ინტეგრირების, მათი მხარდაჭერისა და ქვეყნის განვითარებაში როლის გაძლიერების მიზნით დასახული ამოცანებსა და გადასადგმელ ნაბიჯებს.
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა არაქართულენოვან ახალგაზრდებში ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, როგორც სტუდენტების განათლების, პროფესიული განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობაზე.
 
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუდენტებმა ისაუბრეს საკუთარ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობასა და სახელმწიფოსთან ეფექტიან კომუნიკაციას.
 
„1+4“ პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში გაიღრმავონ ქართული ენის ცოდნა და შემდგომ განაგრძონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.