სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

20 თებერვალი 2026
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და მხარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა
 
შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქვემო ქართლს ეწვია, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრა გამართა მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან.
 
შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს ინფორმაცია მიაწოდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და განხორციელების აქტუალურ საკითხებზე, ასევე ისაუბრა სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე. გაიმართა მსჯელობა მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ფარგლებში, მჭიდრო თანამშრომლობის გზებზე და დაისახა კონკრეტული მიზნები.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მერები.
ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი კოლეჯ “მოდუსის” მარნეულის ფილიალის სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პროფესიის შეძენამდე ქართული ენის შემსწავლელ კურსს გადიან.
 
თეა ახვლედიანმა შეხვედრის მონაწილეებს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მნიშვნელობას, რაც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ფუნდამენტს ქმნის.
 
შეხვედრა სტუდენტებისა და პედაგოგების აქტიური ჩართულობით წარიმართა. მონაწილეებს დასმული საკითხების საპასუხოდ ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ.
 
„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა მეტად საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა, რომლის ფარგლებში დღემდე მიღწეულ შედეგებსა და ჩვენს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან მიმართებით განვიხილეთ არსებული საჭიროებები და დავსახეთ სამომავლო ნაბიჯები, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის, ასევე სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის და კულტურათაშორისი დიალოგის შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობა ხაზგასასმელია იმის გათვალისწინებითაც, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში უაღრესად დიდია მუნიციპალური თვითმმართველობების როლი. ჩვენ ასევე შევხვდით პროფესიული კოლეჯი „მოდუსის“ მათ შორის არაქართულენოვან სტუდენტებს, რომლებიც მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან ერთად, პირველ რიგში ქართულ ენას ეუფლებიან, რაც ახალგაზრდების მხარდაჭერას და ადგილობრივი შრომის ბაზრისთვის კვალიფიციური კადრების მომზადებას უწყობს ხელს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.