სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

14 აპრილი 2026

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს ქართული ენის დღე მოულოცა, ხაზი გაუსვა მის ისტორიულ მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა საქართველოს კულტურულად და ენობრივად მრავალფეროვან საზოგადოებაში სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, როგორც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი სტუდენტების განათლების, პროფესიული განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს წინაპირობაზე.

თეა ახვლედიანმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი - შერიგებისა და ჩართულობის და სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ეროვნული პრიორიტეტების აღსრულებაში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და როლის გაზრდის მნიშვნელობას.

ღონისძიების ფარგლებში აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის „1+4 ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ ხელმძღვანელის ნათელა ბერიძის მრავალწლიანი ღვაწლი ქართული ენის სწავლებაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის. ასევე, სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ იმ სტუდენტებს, რომლებმაც ქართული ენის მოსამზადებელი კურსი წარმატებით დაასრულეს, საუკეთესო შედეგები აჩვენეს და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

1+4 პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ერთი წლის განმავლობაში გაიღრმავონ ქართული ენის ცოდნა და შემდგომ განაგრძონ სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„ქართული ენის დღე წელს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებთან ერთად აღვნიშნეთ, რომლებიც სახელმწიფოს მხარდაჭერით სწავლობენ ქართულ ენას და ამ გზით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ შემდგომი განვითარებისა და წარმატებული მომავლისთვის.

მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა უშუალო და თბილ გარემოში ასეთ მიზანდასახულ და მოტივირებულ ახალგაზრდებთან ერთად განგვეხილა ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლების, მისი უფრო ფართო დამკვიდრების და განვითარების და სახელმწიფოებრივი სტატუსის გაძლიერების მნიშვნელობა, რაც უდავოდ ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების შემდგომი განმტკიცების და კონსოლიდაციისთვის.

აქვე მსურს, მადლიერება გამოვთქვა ყველა იმ პედაგოგის მიმართ და გამოვხატო მათი ძალისხმევის და ღვაწლის დაფასება, ვისაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო ენის სწავლებასა და პოპულარიზაციაში,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტების მერების განახლებულ შემადგენლობასთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული ხელშესახები შედეგები და არსებული საჭიროებების საპასუხო სამომავლო ნაბიჯები.