სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:
„სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დღევანდელ დღეს თითოეული ჩვენგანი ამაღლებული განწყობით ვხვდებით, ეს დღე არის გაჯერებული ეროვნული ღირსების განცდით, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის და ერის ტოლერანტობის ისტორიას, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიას, ქრისტიანული ღირებულებების მიმართ 17-საუკუნოვანი ერთგულების ისტორიას; სწორედ ასე განმტკიცდა და განისაზღვრა ჩვენი ეროვნული იდენტობა.
დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი სახელოვანი გმირების წინაშე, განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ქვეყნისთვის ღვაწლმოსილ ყველა ადამიანს, საზოგადო მოღვაწეებს, მღვდელმთავრებს, რომელთა შემართება და ღვაწლი სამშობლოს მომავლისთვის, წარმოაჩენს იმ ერთიანი ძალისხმევის, რწმენის სიმტკიცის და სიყვარულის ძალას, რამაც შეგვინარჩუნა თვითმყოფადობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.
დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ამ მონაპოვარის დაცვა და მოფრთხილება, და სწორედ ამ შემართებით, მშვიდობის მშენებლობით, განმტკიცებით და მეტი განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დავძლევთ დღესდღეობით ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას და მივაღწევთ ყველა დასახულ ეროვნულ მიზანს.