თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ანა რიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან ანა რიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა სტუმარს გააცნო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო ხედვები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე მიმოხილული იქნა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) როლისა და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიმართულებით.
თავის მხრივ, ახალმა წარმომადგენელმა, ანა რიჩმა, მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის მიმართ და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.