სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო აქციის ფარგლებში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაფართოებულ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, მასშტაბური უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციას, დაავადებების ადრეულ გამოვლენასა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ერთიანი სამთავრობო მიდგომით, მომავალშიც გაგრძელდება კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვა.
„რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარე აქცია, ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ემსახურება იმ შესაძლებლობების წარმოჩენას, რასაც ვთავაზობთ საოკუპაციო ხაზს მიღმა აფხაზეთის რეგიონის მაცხოვრებლებს, მათ შორის, თანამედროვე სამედიცინო გამოკვლევებისა და მაღალტექნოლოგიური მომსახურებების სახით.
შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, ერთიანი სამთავრობო მიდგომით ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ნაბიჯებს, რაც ნამდვილად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზაზე,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რუხში გამართული აქცია იმ ფართომასშტაბიანი სკრინინგის კამპანიის ნაწილია, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აქციის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უფასოდ ჩაეტარებინათ სკრინინგული კვლევები სხვადასხვა პროფილის მიმართულებით. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს პედიატრიული კონსულტაციები და საჭირო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი სერგო ფიფია და სამედიცინო სფეროს სხვა წარმომადგენლები