შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლია გიგაური ბილინგვური განათლების პროგრამის ყოველწლიურ შემაჯამებელ კონფერენციაზე „ორენოვანი განათლება - გზა ინტეგრაციისაკენ“ მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა.
ლია გიგაურმა ეთნიკური უმცირესობებისთვის ბილინგვური განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ენა სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის უპირველესი მნიშვნელობის პრიორიტეტია. მისი განცხადებით, ბილინგვური განათლება წარმოადგენს ეფექტიან ინსტრუმენტს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს სახელმწიფო ენის ხარისხიან და შედეგიან სწავლებას, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის, კულტურული იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ბილინგვური განათლების პროგრამა ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, ტოლერანტობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის პრინციპებსა და ღირებულებებს, შესაბამისად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამოქალაქო ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში - ისეთი ინკლუზიური საზოგადოების განმტკიცებაში, სადაც თითოეულ მოქალაქეს, მისი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უზრუნველყოფილი აქვს პიროვნული და პროფესიული განვითარების, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი, თანასწორი და ღირსეული მონაწილეობის შესაძლებლობა.
კონფერენცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა გახსნა. ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ეკატერინე ხუციშვილი.
სამდღიან კონფერენციაში არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი დაწესებულებების ბილინგვური მასწავლებლები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანია ბილინგვური განათლების ფარგლებში დაგროვილი პროფესიული გამოცდილების გაზიარება და საუკეთესო მეთოდების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ბილინგვური განათლების პროგრამას 2020–2021 სასწავლო წლიდან ახორციელებს. ამჟამად პროგრამა 65 სკოლამდელ დაწესებულებასა და 211 საჯარო სკოლას/სექტორს მოიცავს. უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ფუნქციონირებს არაქართულენოვანი ჯგუფებით დაკომპლექტებული 80-მდე სკოლამდელი დაწესებულება და 240-მდე საჯარო სკოლა/სექტორი, სადაც ბილინგვური განათლების პროგრამა ეტაპობრივად ფართოვდება