თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან

11 სექტემბერი 2026
თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან
 
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის ახლად დანიშნულ ელჩთან ფაბიენ ვასერმანთან.
 
სახელმწიფო მინისტრმა შვეიცარიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრაზე განხილული იყო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
 
თეა ახვლედიანმა ელჩს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.
 
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავებას და ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.
 
თავის მხრივ, შვეიცარიის ელჩმა, ფაბიენ ვასერმანმა მხარდაჭერა გამოხატა სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობისადმი და სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
 
მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.