ასეთ ვითარებაში თამარ ბერუჩაშვილის იმ ფორმით გათავისუფლებამ, როგორც ეს მოხდა, ბევრი კითხვა გააჩინა, მისივე ცნობილი განცხადების გამო, (ალასანიას გადაყენების დროს ბერუჩაშვილი აცხადებდა, რომ ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრებოდა). ამ განცხადებიდან ათი თვის თავზე, საგარეო სამინისტრო არადიპლომატ კვირიკაშვილის ჩააბარეს. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ პრემიერმა ბერუჩაშვილი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა?
- მთავრობებში ცვლილებები ყველგან ხდება, იმის მიხედვით თუ რა ამოცანების წინაშე დგება სახელმწიფო. შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, ახალ გამოწვევებს უპასუხოს. მიმაჩნია, რომ არავითარი მოულოდნელობა და სიახლე არ არის იმაში, რომ ქვეყანას მეტი ინვესტიცია სჭირდება. არსებობს სერიოზული გამოწვევა, ყველა ვალუტასთან მიმართებაში დოლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით. პრობლემები შეიქმნა მთელს მსოფლიოში და ეს ჩვენც შეგვეხო.პირადად მე იპოთეკური სესხი მაქვს დოლარში და ნამდვილად არ მილხინს,მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავ იმ რეალობას, რომელიც ხდება მსოფლიოში. ამ ფონზე დადგა სახელმწიფოს წინაშე ახალი გამოწვევა და მთავრობა ვალდებულია, ამას უპასუხოს ინვესტიციების მოზიდვის გააქტიურებით. ლოგიკურია, რომ პრემიერ-მინისტრმა საჭიროდ მიიჩნია, საგარეო საქმეთა სამინისტროში მეტად ყოფილიყო წარმოდგენილი ეკონომიკური მიმართულება გარდა იმისა, რომ ეს უწყება მუშაობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე. ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, მეტიც, ჩვენ სახელმწიფო მინისტრის აპარატიც გვაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის.
კვირიკაშვილის დანიშვნით მოხდა დამატებითი თემების შემოტანა საგარეო უწყების საქმიანობაში. ის, რომ ვიცე-პრემიერის პოლიტიკა მისაღებია მთავრობისთვის, დაადასტურა იმანაც, რომ მის შემცველად დაინიშნა კვირიკაშვილის ყოფილი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი. შესაბამისად გრძელდება ის ეკონომიკური კურსი, რაც აღებული ჰქონდა მთავრობას.
-კვირიკაშვილი გამინისტრებითანავე კრიტიკის ობიქეტი გახდა მისი განცხადების გამო, რომელიც ევრაზიულ კონტინენტს შეეხებოდა...
- ვუშვებ, რომ საზოგადოებაში შეიძლება შექმნილიყო სხვადასხვა კითხვები ამ განცხადების ირგვლივ, მაგრამ მე პირადად ეს კითხვა არც კი გამჩენია. დავიწყოთ იქიდან, რომ ევრაზია ძალიან დიდი ფენომენია. არაერთხელ გაიჟღერა მთავრობის მხრიდან, რომ ჩინეთისა და ცენტრალური აზიის მიმართ მეტი ყურადღებაა საჭირო. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ შეიძლება იყოს საკმარისი. ჩვენ არ გავქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. ამასთან,მე ვარ ერთ-ერთი ის პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგების საჭიროებაზე ხშირად საუბრობს. თუმცა, დიპლომატიური ურთიერთობა არ უნდა აღდგეს, ვიდრე რუსეთს აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მანამდე არ უნდა მოხდეს არავითარი ინსტიტუციონალური და პოლიტიკური ბმა რუსეთზე, თუმცა სავაჭრო ურთიერთობები ხელს არ უშლის ჩვენს პრინციპულ დამოკიდებულებას ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ანუ, რუსეთის მიმართულებით საქმიანობა ძველებურად გრძელდება. ახალი გადაწყვეტილებით ჩვენ ახლა გვინდა, ავამუშაოთ აღმოსავლეთის მიმართულებაც.
-თამარ ბერუჩაშვილის გათავისუფლებაზე გკითხეთ, რატომ გაათავისუფლეს დიპლომატი, ამბობენ ათი თვის წინ გაკეთებული განცხადება არ აპატიესო, აქვე იქნებ იყოს თქვენთვის ცნობილი, რა ბედი ელის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს?
-თამარ ბერუჩაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპეციალისტი, პროფესიონალი ევროპული და ევროატლანტიკური კუთხით საქმიანობაში. ის აუცილებლად სჭირდება და გამოადგება საქართველოს ამ მიმართულებით. თუმცა, არ მაქვს ინფორმაცია თუ სად შეიძლება ის დაინიშნოს მომავალში. რაც შეეხება 10 თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, მე ვუშვებ, რომ მაშინ ეს განცხადება იყო ემოციურ ფონზე გაკეთებული.