შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დამოუკიდებლობის დღე რუსთაველის გამზირზე გამოფენითა და კონცერტით აღნიშნა.გამოფენილი იყო ახალგაქალაქის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნახატები, ახალგორელი სტუდენტების ნაქარგები და ქისტი ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთები. კონცერტში მონაწილეობდნენ ახალგაზრდები თბილისიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, კახეთიდან. მათ ქართული და ეთნიკური უმცირესობების ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
კონცერტი სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გახსნა. მან მონაწილეებსა და სტუმრებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცა.
"ეს მრავალფეროვნება, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, არის ჩვენი სიმდიდრე. თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ საქართველოში ყოველი კულტურის, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფის ადამიანები პოულობდნენ თავის სამშობლოს. დღეს აქ გამომსვლელი ადამიანები, შესაძლოა, უმრავლესობას არ წარმოადგენდენ, მაგრამ საქართველო მათი სამშობლოა, ისინი ამაყობენ თავისი სამშობლოთი და ყველა ერთად ვზეიმობთ. ჩვენი აპარატი სწორედ იმაზე ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქე თანასწორი იყოს. ჩვენი სახელმწიფო -სწორედ ამ მრავალფეროვნებით არის ძლიერი", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მონაწილეებს ასევე მიესალმა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი.
"დღეს თქვენ ყველანი ხართ ძალიან ლამაზები, ფერადები. სწორედ მრავალფეროვნებაა ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი ერთიანობით ყველა გამოწვევას დავძლევთ, მათ შორის ისეთებს, როგორიც ჩვენს სამშობლოს ისტორიულად ხშირად ჰქონია და რომელსაც დღეს მავთულხლართებისა და გამყოფი ხაზების სახე აქვს. მე დარწმუნებული ვარ, მშვიდობით, ერთიანობით და შერიგებით აუცილებლად გავმთლიანდებით. ჩვენი აპარატი, სახელმწიფო ზრუნავს, რომ ყველა მოქალაქის უფლება თანაბრად იქნას დაცული. საქართველოს ამის ძალიან დიდი გამოცდილება და კულტურა აქვს და ერთად მივიწევთ ევროპისკენ, რომლის სლოგანიც ასევე არის "ერთიანი მრავალფეროვნება". ეს ჩვენი ღირებულებაც არის. გილოცავთ და დიდი მადლობა ყველას, ვინც ასეთ მშვენიერ ზეიმს გვჩუქნის დღეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.