ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა

11 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასოწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის მსმენელებს შეხვდა. შეხვედრა გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა. ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე გამყოფ ხაზებზე არსებულ მდგომარეობაზე. კერძოდ, მან ისაუბრა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე, გამყოფ ხაზებზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად შექმნილ პრობლემებზე, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის როლზე, მათ შორის სამხედრო მიმართულებით.

"ამგვარი შეხვედრა არის შესაძლებლობა, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რა მდგომარეობაა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და რაც მთავარია, წარვუდგინთ მათ საქართველოს ხელისულების პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით. პარტნიორების ინფორმირებულობა პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი კი გახლავთ საერთაშორისო მხარდაჭერა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა, რომელიც შერიგებასა და ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული" - აღნიშნა ციხელაშვილმა.

მან შეხვედრის მონაწილეებს ასევე, წარუდგინა ფილმი გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესახებ.