პაატა ზაქარეიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

15 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პაატა ზაქარეიშვილმა და ქეთევან ციხელაშვილმა ვაკე-საბურთალოს გზის მიმდებარედ სიმბოლურად მოწყობილი მემორიალი ყვავილებით შეამკეს. "ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. ეს არის დიდი ტრაგედია და ტკივილი. მრავალმა ოჯახებმა ასევე დაკარგა საცხოვრებელი და მათ დიდი ზარალი მიადგათ. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალში ადამიანური ფაქტორის გამო სტიქიურ მოვლენებს ასეთი ტრაგიკული შედეგები აღარ მოჰყვეს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან დაზარალებული ვერეს ხეობაც დაათვალიერა.

სახელმწიფო მინისტრი დღესვე სიონის საკათედრო ტაძარში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრო. პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადაიხადა. სიონში პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი.