ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა

19 ივნისი 2015

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების წარმომადგენლებს სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნულ თემაზე კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გამართულ სესიაზე "თანამშრომლობა V4-სა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" გამოსვლისას ისაუბრა.

სესიაში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების - პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ქეთევან ციხელაშვილმა გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების დახმარების მნიშვნელობაზე. კერძოდ, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ასოცირების შეთანხმების რეალიზებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ევროინტეგრაციის პროცესის მოსალოდნელი სარგებლის გაზიარების პროცესში.

ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროინტეგრაციის გზა არის სამშვიდობო პროცესის ნაწილი და კონფლიქტების მოგვარების ერთ-ერთი გასაღები. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით მზად ვართ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს გავუზიაროთ ყველა ის სარგებელი, რომელიც ევრონიტეგრაციის პროცესს მოაქვს, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

18-19 ივნისს, ბათუმში, რიგით მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - "საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს, რომელიც 2007 წლიდან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება. კონფერენცია ეძღვნება "აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის შედეგების, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის განხორციელების საკითხების განხილვას. ასევე, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში უსაფრთხოების გამოწვევებს.