შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტის წევრებს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნო. ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნული დოკუმენტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ჩატარდა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გასულ წლებში განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირეული და კომპლექსური ანალიზი და ახალი დოკუმენტი გამოკვეთილი გამოწვევებისა და წარმატებების გათვალისწინებით შემუშავდა.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ახალ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმაში რამდენიმე თემა იქნება აქცენტირებული. კერძოდ, მისი განცხადებით, ახალი დოკუმენტი გულისხმობს მუშაობას არა მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებთან, არამედ უმრავლესობასთან.
"ამასთან, ახალი დოკუმენტი ორიენტირებულია როგორც ეთნიკური უმცირესობების მსხვილ, ისე შედარებით მცირერიცხოვან ჯგუფებზე. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა სახელმწიფო ენის სრულფასოვანი შესწავლის შესაძლებლობა, რადგან ამ მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. გამოწვევად რჩება მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაც. ახალი დოკუმენტი ასევე, ისახავს მიზნად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მეტ ჩართულობას პოლიტიკასა და საჯარო სამსახურებში. ახალი კონცეფცია სენსიტიური იქნება გენდერული ასპექტის მიმართ და ორიენტირებული იქნება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალების ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობისკენ, რადგან ხშირად ეს ჯგუფები არიან მეტად მოწყვლადი, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე განცხადებით, ახალ კონცეფციასა და სამოქმედო გეგმას საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს დაამტკიცებს."